მსოფლიოში ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება აუტიზმი.
100-დან 1 ადამიანს აქვს აუტიზმი
2 აპრილი -აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა
კამპანია ტარდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, USAID EWMI-G-PAC-ის პროექტის „კოალიცია აუტიზმისთვის“ ფარგლებში.
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით,რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან 1-ს აქვს აუტიზმი.
2012წლის 2 აპრილს საქართველოს აუტიზმის საზოგადოება მეორედ აღნიშნავს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს.
2 აპრილის დღის აღნიშვნის მიზანია გაზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს შეასრულოს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.
2012 წელს 2 აპრილის დღე უკვე აღინიშნება საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. საქართველოს რეგიონებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომელშიც ჩართულები არიან აუტიზმის ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები, სკოლები, ინკლუზიური განათლების გუნდები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
თბილისში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
14.0 – 17.00 სთ.
- საინფორმაციო მასალის გავრცელება – მეტროს სადგურების „რუსთაველი“ და „მარჯანიშვილი“ ტერიტორიაზე
18.00. სთ
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (გუდიაშვილის 7)
- გახსნა და მისალმება
- 2012 წლის აუტიზმის გმირის დაჯილდოვება
- აუტიზმის თემაზე სამი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის ავტორთა დაჯილდოვება
- ფოტოგამოფენა „აუტიზმის სახეები“ – ავტორი გიორგი ცაგარელი
20.00. სთ
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი (გრიბოედოვის 8)
- კონსერვატორიის იმპროვიზაციის ანსამბლი – რეზო კიკნაძე და სტუდენტები.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოწვეულნი იქნებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, განათლების და მეცნიერების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები,ჯანდაცვის მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციები, ბიზნესმენები, ექიმები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
საკონტაქტო პირი: ნინო დარსაველიძე
ტელ.: 593 336 898